Google-ით ხშირად მოძიებული აჩვენებს, თუ რომელ ფრაზებს კრეფენ Google-საძიებოში ამჟამად და რა არის ფართოდ გავრცელებული. ეს შესაძლებლობა, თუ ჩართულია Firefox-ის მისამართების ველში, პირდაპირ რეჟიმში გამცნობთ მიმდინარე მისწრაფებებსა და ცხელ-ცხელ სასაუბრო თემებს, რომ მოძიებული მასალები იყოს მუდმივად განახლებული და ბოლოდრინდელ მოვლენათა შესაფერისი.
სარჩევი
რას გულისხმობს Google-ით ხშირად მოძიებული?
Google-ით ხშირად მოძიებული გამოარჩევს იმ საკითხებს, რომლებიც ხალხის ფართო მასების ყურადღებას იპყრობს. დადგენა ხერხდება დროის მოკლე მონაკვეთში მოძიებული საკითხების მოცულობითა და სიხშირით. მისი მეშვეობით შეძლებთ, არ ჩამორჩეთ ბოლოდროინდელ ამბებს, ღონისძიებებსა და სწრაფად მოდებულ სიახლეებს პირდაპირ Firefox-ის მისამართების ველიდან.
Google-ით ხშირად მოძიებულის გამოყენება
- ეკრანის ზემოთ ჩაწკაპეთ მისამართების ველში.
- ჩამოიშლება არე და გამოჩნდება ბოლოდროინდელი ხშირად მოძიებული ფრაზები თქვენს მხარეში.
- დაწკაპეთ რომელიმე მათგანს, რომელიც დაგაინტერესებთ.
- დაწკაპებისთანავე გადამისამართდებით საძიებოს შედეგების გვერდზე (Search Engine Results Page – SERP) შერჩეული ფრაზის შესაბამისად.
Google-ით ხშირად მოძიებულის გათიშვა
თუ გსურთ, არ გამოჩნდეს ხშირად მოძიებული, მიჰყევით მითითებებს:
- გადაატარეთ თაგვის ისარი საძიებო ფრაზას და დაწკაპეთ მენიუს ღილაკს, მარჯვენა მხარეს რომ გამოჩნდება.
- აირჩიეთ
ყველაფერი მზადაა! დასტურის მაჩვენებელი გაცნობებთ, რომ ამგვარი შედეგები აღარ გამოჩნდება.
ხშირად დასმული კითხვები
რისთვისაა გამოსადეგი?
ეს შესაძლებლობა გიადვილებთ ბოლოდროინდელი სიახლეებისა და საყურადღებო საკითხების მოძიებას. გეხმარებათ, ყურადღება მიაპყროთ მიმდინარე მოვლენებს და ღირებული საშუალებაა:
- ნაკლები ძალისხმევით მოძიებისთვის: დროს გიზოგავთ ბოლოდროინდელი სიახლეების პირდაპირ მისამართების ველში გაცნობით.
- ადგილობრივი ამბების გასაცნობად: არ ჩამორჩებით საზოგადოებისთვის ამჟამად მნიშვნელოვან საკითხებს. თქვენს მისამართების ველს ერთგვარ ფანჯრად აქცევს, რომ იხილოთ, რა აღელვებთ ყველაზე მეტად თქვენს მხარეში და რის შესახებ საუბრობენ მეტად გამალებით.
მორგების რა საშუალებებია მისამართების ველში ჩვენებისას?
ჯერჯერობით ხშირად მოძიებულის რამე სახით გამართვის საშუალებები არაა. თავისთავად ხდება მათი წარმოდგენა ადგილმდებარეობისა და ხშირად ჩაწერილი საძიებო ფრაზების მიხედვით.
Google-ით ხშირად მოძიებული ხელმისაწვდომია ყველა მხარეში?
ჯერჯერობით Google-ით ხშირად ხშირად მოძიებული ხელმისაწვდომია საგანგებოდ Firefox-მომხმარებლებისთვის შეერთებულ შტატებში.
ხშირად მოძიებულის ჩვენება იმოქმედებს ჩემ მიერ მოძიებულის პირადულობაზე?
ხშირად მოძიებულის ჩვენების შესაძლებლობას გავლენა ვერ ექნება თქვენ მიერ მოძიებულის ფარულობასა და ხელშეუხებლობაზე. ხშირად მოძიებული არ დგინდება თქვენ მიერ მოძიებული გვერდების ისტორიით, არამედ ფართო საზოგადოების მიერ მოძიებული მასალებით. Mozilla არ აღრიცხავს არანაირ პირად ინფორმაციას და არ ადევნებს თვალს, თუ რის მოძიებას ცდილობთ.